logo
ENG



თარგამაძის ედიტორიალი: მონღოლების "გადარჩენილი" რუსობა და რუსების გადარჩენილი "ქართველობა"

12 ნოე 202320:08
3 წუთის საკითხავი
 

"მოდით გავიხსენოთ ის თუ რა ხდებოდა ალექსანდრე ნეველის დროს. ის ხომ ურდოში დადიოდა, ქედს უხრიდა ურდოს ხანებს, მართვისთვის იარლიყს იღებდა, პირველ რიგში იმისთვის, რომ ეფექტურად შეწინააღმდეგებოდა დასავლეთის შემოჭრას. რატომ? იმიტომ რომ ურდოელები იქცეოდნენ თავხედურად და სასტიკად. თუმცა არ ეხებოდნენ მთავარს, ჩვენს ენას, ტრადიციას, კულტურას - რაზეც პრეტენზია ჰქონდათ დასავლელ დამპყრობლებს. ეს არის ყველაზე მთავარი, რადგან თუ ინგრევა ერის კულტურა, ისტორია და ტრადიცია - ერი, როგორც ეთნოსი თანდათანობით გაქრობას იწყებს, როგორც თოვლი გვიანი გაზაფხულის დროს" - ვლადიმერ პუტინი 

უფრო გასაგებად, ჩვენთვის ნაცნობ ენაზე რომ ვთქვათ ტერორისტი პუტინი გვიხსნის 9 საუკუნის წინ როგორ ართმევდა დასავლეთი, დიდ რუს ხალხს რუსობას, იდენტობას და კულტურას. აი მონღოლეთი, სარწმუნოებას და ტრადიციებს არ ეხებოდა. მთავარი მტერი დასავლეთი იყო, ურდოც მტერი იყო, მაგრამ არც ისე მთავარი, ამდენად გადაგვარებას და გაქრობას რუსები თურმე მონღოლებთან ჩახუტებით გადარჩნენ.

ივანიშვილს და მის მეოცნებეებს რომ ჰკითხო, დღევანდელ ქართულ რეალობაშიც ყველაფერი ზუსტად ასეა, ერთი განსხვავებით - მონღოლეთი არაფერ შუაშია. ოცნების ხელისუფლება, საპატრიარქოს ნაწილთან ერთად გამალებით გვიმტკიცებს, რომ ჩვენი მთავარი მტერი დასავლეთია, რადგან ეროვნული იდენტობის დაკარგვის, ერის გარყვნისა და გადაგვარების მთავარი საფრთხე დასავლეთიდან მოდის. რუსები, მთლად მტრები თუ არა - ოკუპანტები არიან, თუმცა არც ისე ცუდები, რადგან ჩვენს ქართველობას და მართლმადიდებლობას არაფერს ერჩიან. ამიტომაც მათი ზურგით და გარკვეული დანაკარგებით, ეროვნულ იდენტობას, გენეტიკას, სარწმუნოებას, ტრადიციებს ვუფრთხილდებით და ვინარჩუნებთ.

ეს ორი პარადიგმა, რომელიც წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს, ამ კვირაში სერიოზული დარტყმის ქვეშ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ჯერ ერთმა, უბრალო, გულიანმა ქართველმა ვაჟკაცმა გადაწყვიტა მამის საფლავის მონახულება, შემდეგ კი სოფლის სალოცავში სანთლის დანთება, რუსების მიერ აჭედილი ტაძრის კარი შელეწა, ლომისას მადლს ენაცვალა და მტერს დამსახურებულად შეუკურთხა. პატრიოტიზმისა და სარწმუნოებისადმი ერთგულების ამაზე მეტად გამოხატულება რა უნდა ყოფილიყო?... ჰოდა რუსი, აი ის არც ისე ცუდი რუსი, რომელიც თითქოს ჩვენს ქართველობას და მართლმადიდებლობას სულაც არ ერჩის, და მეტიც, ვითომდა გარყვნილ დასავლეთთან ბრძოლაში ჩვენი მოკავშირეა, დაედევნა, ზურგში ტყვია დაახალა და მოკლა. ოკუპანტის ტყვია მოხვდა თამაზ გინტურს, თუმცა ეს ტყვია მოხვდა იმ პროპაგანდისტულ სიმახინჯეს, რომლის მიხედვითაც თითქოს რუსეთი ჩვენს ქართველობას და სარწმუნოებას არაფერს ერჩის. საკუთარი სიცოცხლის ფასად, თამაზ გინტურმა, რუსებისა და ოცნებისგან დაბანგულ ხალხს დაგვანახა, რომ ყველაფერი პირიქითაა: "ერთმორწმუნე" რუსი, რომელიც ეკლესიიდან გამოსულ უიარაღო ქართველს კლავს, ზუსტადაც რომ ჩვენს ქართველობასაც ერჩის, ეროვნულ ღირსებას გვილახავს, სახელმწიფოს არ აღიარებს და რელიგიურ სიწმინდეებს გვართმევს და გვითელავს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ იმ ვითომ გარყვნილმა დასავლეთმა, რომელიც თან ომში გვითრევს და საზარბაზნე ხორცად ვუნდივართ, და თან ქართველობას და სარწმუნოებას გვართმევს, მაგრად ჩაგვჭიდა მეგობრული ხელი და მიუხედავად ოცნების ხელისუფლების არაერთი მცდელობისა საქმე ჩაეშალა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გვიბოძა. ბრიუსელმა ამით, ერთის მხრივ ქართული საზოგადოების ძლიერ და ღიად გამოხატულ ევროპულ მისწრაფებას სცა პატივი, მეორეს მხრივ კი ივანიშვილის გუნდს მიუთითა რომ არა რუსეთის, არამედ "ხალხის ნება აირეკლოს". ევროკავშირმა, ოცნების მთავრობის მხრიდან რეაგირების გარეშე დატოვებულ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობასაც ღირსეული პასუხი გასცა და მოსკოვს მიანიშნა რომ საქართველო არა რუსეთის გავლენის სფეროს, არამედ ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. და ისიც თქვა, რომ მალე დადგება დრო, როცა კრემლი მას ვეღარ შეეხება.

ახლა ივანიშვილის ხელისუფლებაც და საპატრიარქოს ადმინისტრაციაც ერთნაირად დაბნეულია. აქამდე იმას გვეუბნებოდნენ - თურმე მშვიდობა იმის დამსახურებაა რომ ერთმორწმუნე რუსს არ ვაღიზიანებთ. მერე რა რომ სახელმწიფოს გვინგრევენ და ეროვნულ იდენტობას გვართმევენ, ღირსებას გვილახავენ და სიამაყის შეგრძნებას გვაკარგვინებენ; მერე რა რომ ტერიტორიას გვიღობავენ, ადამიანებს გვტაცებენ, გვიკლავენ და აწამებენ, სარწმუნოებას და ქართველობას ხომ არ ერჩიან?... მთავარია ცოცხლები ვიყოთ, კარგად ვჭამოთ და ვსვათ, ისიც საზოგადოების მხოლოდ ნაწილმა, თავად რუსებს ვემლიქვნელოდ, ტაშ-ფანდური ვუმართოთ და გადავრჩებით… თურმე ასე არ ყოფილა.

სახელისუფლებო პროპაგანდა ერთი კვირაა ცდილობს, გმირულად დაღუპული თამაზ გინტური ერთ ახირებულ, ლოთ კაცად წარმოადგინოს, რომელიც დათვრა, სიფრთხილე დაკარგა და სიცოცხლე უაზროდ, ტრაგიკულად დაასრულა. ლომისის ტაძრიდან მომავალმა გინტურმა საკუთარი სიცოცხლის ფასად პუტინის, და აქაური პუტინისტების პარადიგმას საყრდენები გამოაცალა და ჩამოანგრია. და სწორედ ამიტომაა თამაზ გინტურის და მასთან ერთად სხვა უბრალო, მაგრამ ნამდვილი ვაჟკაცი ქართველების თავგანწირვა განსაკუთრებულად დასაფასებელი.

ოცნების ცენტრალური თუ ადგილობრივი ლიდერების, არცთუ შეფარვით განცხადებებს რაც შეეხება - მწერალ ზაალ სამადაშვილის გამოხმაურებით ვუპასუხებ: "მოთმინებით" აღჭურვილ ხელისუფალთა გასაგონად - რომ ბრძანებენ, დალევენ ორ ჭიქას და თავს განსაცდელში იგდებენო... თქვენა, ბიჭო, ორი ჭიქა კი არა, ორი ხელადა რომ გამოგაცლევინონ, მტერს თვალში არ შეეჩხირებით, დიდი-დიდი საკუთარი ხელქვეითები დააწიოკოთ ილიას დარეჯანივით... ღვინო იმ კაცს უმძაფრებს უსამართლობის განცდას, ვისაც ძარღვებში სისხლი დაუდის და საგულეში დარდით ლამის გასკდომამდე გაბერილი გული უძგერს.... თქვენგან განსხვავებით"...


close დახურვა